„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ცესკო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ვლადიმერ ხუჭუას მიკერძოებულად მიიჩნევს, რადგან მისი მეუღლე სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს.
როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, ცესკო მოითხოვს, მოსამართლის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული ექსპერიმენტი მტკიცებულებად არ ჩაითვალოს.
„ველოდებით 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ფარულობის უფლების დარღვევაზე გაერთიანებული საქმის დაწყებას. მოსამართლეების შემადგენლობაც კი ბოლო წუთამდე არ ვიცით.
თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა. პოსტების „სქრინები“ დაურთეს საქმეს.
ასევე ითხოვენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი, სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ და ამორიცხონ საქმიდან“, – აცხადებს ქურდოვანიძე.