გამოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია – მსგავსი მასშტაბის პროექტი სახიფათო ნარჩენების მიმართულებით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება 

Published:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.   

„ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის მიზანია დარიშხანის შემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების სრულად მოწესრიგება. პროექტი მოიცავს  სამ ფაზას, რომელთაგან ორი უკვე დასრულებულია – ტერიტორია მთლიანად იზოლირებულია, მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებული ნაპირდაცვითი, სალექარი და წყალგამყვანი არხები მოწყობის კუთხით.  მომავალი წლის გაზაფხულზე, უკვე დავიწყებთ პროექტის მესამე ფაზას, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი, სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია იქნება სრულად მოწესრიგებული და უსაფრთხო“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში  არსებული დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ,  რაც ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნები  დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა,  საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებულ პრობლემას სრულად მოაგვარებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები.  ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავებისა და, შემდგომში, მისი განხორციელების მიზნით,  ექსპერტებისა  და მოსახლეობის მონაწილეობით, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა,   განისაზღვრა პრიორიტეტები უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად და დაიგეგმა პირველადი დაცვითი ღონისძიებების ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ძუღარეშში (საიტი – ცანა 1) და სოფელ ყორულდაშში (საიტი – ცანა 3) განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რამაც განაპირობა  სახიფათო ტერიტორიაზე ადამიანების და ცხოველების მოხვედრის შესაძლებლობა; დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის,  წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები. კერძოდ, აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგს წარეცხვისაგან; გაკეთდა 350 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის არხი, სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის.

2025 წელს, განხორციელდება პროექტის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები – 50500 მ3 მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა, დარიშხანის შემცველი ნარჩენების შეგროვება და სარკოფაგში განთავსება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img