მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში კრიპტო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულადაა გაზრდილი.
მერიის ინფორმაციით, გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია.
მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით.
აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან.
მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები!
გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის – თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა.
მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება,” – წერია განცხადებაში.