ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც დაადასტურეს, რომ ისინი უარს ამბობენ პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნებით მიღებულ მანდატებზე და სხვა პრივილეგიებზე. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას განცხადებით, მათ ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ცესკოს-ს არ აქვს უფლება მათი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს, უფლებამოსილების ცნობის მიზნით:
ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომლებსაც ჩვენ ვაგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიაში არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები, ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ჩვენ ეს ვიხილეთ, მათ შორის, გუშინ, როდესაც საქართველოს ევროპელი მეგობრები იყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელთაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი. რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ, თვალსაჩინოდ, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, კიდევ ერთხელ, რომ ცესკოს-ს არ აქვს უფლება ჩვენი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს, უფლებამოსილების ცნობის მიზნით,”- განაცხადა ბოკუჩავამ.