მოძრაობა “კულტურული მემკვიდრეობისთვის ხელმძღვანელი, ნინო ბურჭულაძე – ძეგლის გადარჩენის ერთადერთი გზა მისი რეაბილიტაციაა

Published:

საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა – დასუფთავების ტრადიციული საშემოდგომო კამპანია დაიწყო.

საზოგადოებრივი გაერთიანების ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ხე – მცენარეებისგან სრულად გაიწმინდა სათხის მონასტერი, რომელიც X-XIII საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია.

როგორც მოძრაობის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, სათხეს მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.

„2018 წელს აქტივისტების ინიციატივით დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლიდან შეჩერებულია.

ტაძრის შემორჩენილი ნაწილი ავარიულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები მთელ სიმაღლეზეა გადახსნილი, ასევე საკმაოდ რთული ბზარები აქვთ დანარჩენ კედლებსაც. კედლის წყობაში დაძრულია ცალკეული ქვები რომელთა გადმოვარდნაც კედლის სხვა წყობის რღვევასაც გამოიწვევს, ამიტომ ძეგლის გადარჩენის ერთადერთი გზა სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლებაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გააქტიურებული ბუნებრივი პროცესების გამო ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლის შენარჩუნებას ვერ მოვახერხებთ“, – აცხადებს მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

როგორც ცნობილია, 2022 წელს „ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით დაწყებული კამპანია წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს და კამპანიის მიზანს ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთო წარმოების არეალში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხე- მცენარეებისგან გაწმენდა- დასუფთავება წარმოადგენს.

როგორც ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, საშემოდგომო კამპანიის ფარგლებში ასევე იგეგმება ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის, ხულუტის ციხე- დარბაზის, დმანისის სიონის, მუშევანის ძეგლებისა და სარბულაღის ეკლესიის გაწმენდა- დასუფთავებაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img