მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „სახალხო პარლამენტის“ ინიციატივაზე პრეზიდენტს ხვდებიან

Published:

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტთან „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეას განიხილავენ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში პროტესტის გარდა, შეიქმნას სივრცე, სადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. ხაზარაძის განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სხვადასხვა ფორმით.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. გაგრძელდეს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას. ეს არის მნიშვნელოვანი, სანამ არ მივაღწევთ იმ ხმების დაბრუნებას, ანუ ახალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც ასე მზაკვრულად და სისტემურად, რუსული სცენარით მოიპარა „ქართულმა ოცნებამ“. პირველი – ამ ერთიანობაში ყველა ვართ ერთი: ამომრჩეველი, ოპოზიციური კოალიციები, პრეზიდენტი, რომელმაც არ გამოაცხადა ლეგიტიმურად ეს პარლამენტი და ა.შ. მეორე – თქვენ იცით, რომ არჩეულია ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტაცია, რომელმაც მოიგო არჩევნები, შესაბამისად, გარდა გარეთ ქუჩაში, შენობებში პროტესტისა, ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცე, სადაც დავანახებთ ჩვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას, რომ შეგვიძლია ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა და რაც ყველაზე მთავარია, ლეგალურად, მშვიდობიანად ახალი არჩევნების მიღწევა. ამისთვის საჭიროა არჩეული ოპოზიციური დეპუტატების ერთად შეკრება და სწორედ აქ ვიწვეთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან გაუწიოს ამ გაერთიანებას [ლიდერობა]. სახელი პირობითია „სახალხო პარლამენტი“ იქნება თუ ნებისმიერ სხვა, ეს უკვე ერთობლივადაა გადასაწყვეტი. აქვე მინდა გითხრათ, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ამ თავყრილობამ, ორგანიზაციამ, „სახალხო საბჭომ“ თუ „ალტერნატიულმა პარლამენტმა“, (სახელი მსჯელობის საკითხია) არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს დააკომპლექტებინოს სპეციალური ჯგუფი, დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება და ჩვენს პარტნიორებს წარუდგენს არჩეული ოპოზიციური პარტიების და ჩვენი ამომრჩევლების ხმას იმ გაყალბების შესახებ, იმ მიტაცებული არჩევნების შესახებ. თქვენ დღეს ყველამ მოისმინეთ

ბატონი ბორელის განცხადება, ევროკავშირში მისტევებია განცხადება, რომ ისინი არ თვლიან, რომ ეს არჩევნების იყო სამართლიანი. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ [პრეზიდენტთან],“ – განაცხადა ხაზარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img