26 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიებაზე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტში მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ კვირას იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც იქნება საუბარი არჩევნების არ აღიარებაზე, გამოძიების მნიშვნელობაზე.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ევროპარლამენტში. 1000 დღე გავიდა რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში, სადაც პრეზიდენტი ზელენსკი ასევე მიმართავს ევროპარლამენტარებს. ჩვენ დილიდან გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, განვიხილეთ 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნები, მომავალ კვირას ასევე იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც იქნება საუბარი არჩევნების არ აღიარებაზე, გამოძიების მნიშვნელობაზე. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია გამოძიებასთან დაკავშირებით, ამაზე საუბრები გვქონდა ევროკომისიაში, საგარეო უწყებაში, უშუალო საგარეო მინისტრებთან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ასე რომ, მნიშვნელოვანი მომენტია აქ ბრიუსელში, ევროპარლამენტში და ფაქტია, რომ 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.