გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ უქვეყნის ელჩებს – მინდა, გთხოვოთ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწროთ 

Published:

გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნის ელჩებს მიმართავს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრონ. 

“მინდა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მივმართო – პირველ რიგში, აშშ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. მინდა, გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი, აზრი და ერთად დავიცვათ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის, არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსი და აზრი. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი არჩევნების შედეგებსა და მოპარულ ხმებს აპროტესტებს. ისევე, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია, სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. 

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მინდა, გთხოვოთ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწროთ  26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად გაყალბდა..  დღეს, როცა ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია და მაშინ, როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე თვლის, რომ ხმა და არჩევნები მას მოპარეს – მე ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემით უნდა ვთხოვო, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრონ, რათა ქართულ ოცნებას მანიპულირების, სპეკულირებისა და ლეგიტიმაციის მიღების შესაძლებლობა არ მისცენ”. – თქვა გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიამ ხალხს სხდომის პარალელურად, პარლამენტთან შეკრებისკენაც მოუწოდა.

“მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, ქართულ ოცნებას ყველამ ერთად, ჩვენი საპროტესტო ხმა გავაგონოთ, რომ ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად არ ვთვლით და შესაბამისად, მის შედეგებს არ ვიღებთ იქამდე, სანამ სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური გამოძიება არ ჩატარდება”. – ამბობს გახარია.

ქართული ოცნების ლიდერების თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს ჩატარდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img