სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.
ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის შეკრება “სრულიად ლეგიტიმურია”. ის ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე იმყოფებოდა.
ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამწუხაროა “სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”.
ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომლის განცხადება სრულად:
“ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
ჩვენი ერთადერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვაზე დროული, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საჯაროდ გამოვხატოთ პოზიცია პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრების და პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ცნობის კონსტიტუციურობის საკითხზე.
საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დაუშვებლად მიიჩნევს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მიერ (რომლებიც სახალხო დამცველთან ერთად, წარმოადგენენ სპეციალურ სუბიექტებს არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნებისთვის), საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერების საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ შემჭიდროვებულ ვადებში (30 დღე) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს. ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას.
აღსანიშნავია, რომ აპარატის თანამშრომლები მუდმივად ვცდილობთ აღნიშნულ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ და მოსაგვარებლად შიდა რესურსების გამოყენებას. ვინაიდან, საკითხები საჯარო ინტერესის მქონე თემებს ეხება, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ჩვენი პოზიციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, რომელთა წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები, როგორც საჯარო მოსამსახურეები. ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების მანძილზე აქ დასაქმებული მოხელეები ვქმნიდით და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები.
მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ აქ დასაქმებული პროფესიონალების პოზიცია არის პრინციპული არამხოლოდ ამ საკითხის, არამედ სხვა საკითხების მიმართაც და საქმიანობის პრიორიტეტები, ხედვა თუ რწმენა ადამიანის უფლებებისადმი არ შეცვლილა”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ანი სალდაძე
- ეკა მამრიკიშვილი
- ელენე ჩავლეშვილი
- ევა ფაჯიშვილი
- გიორგი კვირიკაშვილი
- გიორგი ტყებუჩავა
- გიორგი მელიქიძე
- გიორგი ქაჯაია
- გიორგი ჩარკვიანი
- გიორგი ძაძუა
- გვანცა ხარატიშვილი
- ლარა ჯამარაული
- ლიკა ბაციკაძე
- ლიკა ღვინჯილია
- ლევან პაპავა
- მაკო არაბული
- მარიამ თავდგირიძე
- მარიამ მახარაძე
- მარიამ მოსეშვილი
- მერაბ დობორჯგინიძე
- ნათია გორგილაძე
- ნათია ფიცხელაური
- ნათია საღრიშვილი
- ნინო ათაბეგაშვილი
- ნინო ბერიშვილი
- ნინო ლეჟავა
- ნინო შალამბერიძე
- ნინო სულამანიძე
- ნინო ვალიკოვი
- სოფო რუსეცკი
- თამარ გუგუტიშვილი
- თამარ ოგანოვა
- თამარ ხოხობაშვილი
- თამთა პაპუაშვილი
- თამუნა აბაზაძე
- თინათინ თინიკაშვილი
- ქეთი ხვედელიანი