თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს.
კალაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ტრადიციულად “სიცრუის პროპაგანდა” უწოდა და აღნიშნა, რომ ვიქტორ წილოსანი კერძო სექტორში აპირებს გადასვლას.
ბევრი არასწორი ინფორმაცია და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც დაკავებულები არიან სიცრუის პროპაგანდით. რაც შეეხება რეალობას, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა. ჩვენ ერთად დავიწყეთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ერთად მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ევროპული, მოწესრიგებული და გამართული. ვიქტორ წილოსანის როლი ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი საქმიანობა ნაყოფიერი და სასარგებლო იყო თბილისისთვის. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო მას“, – განაცხადა კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე.