დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 29 ნოემბერს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მშვიდობიანი აქციის უსაფუძვლოდ, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებულ ძალადობას არაფერი აქვს საერთო კანონიერ საპოლიციო ღონისძიებებთან. 29 ნოემბერს სულ მცირე, 22 ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანება ასევე ცხადყოფს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ან აღბეჭდავდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ფაქტებს, შსს-ს მიზანში ჰყავდა ამოღებული.
“28 ნოემბერს, საღამოს 8 საათიდან თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაიწყო. აქცია ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე შეწყვიტოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
საკანონმდებლო ორგანოსთან გამართული აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფად მოხდა სამართალდამცავების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მობილიზება. შსს-მ აქციის დაწყებისთანავე გადაკეტა პარლამენტის შენობის მიმდებარე ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები. პარლამენტის შენობასთან მიახლოება შეუძლებელი იყო ზუბალაშვილების, შევჩენკოს და ინგოროყვას ქუჩების მხრიდანაც. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილი სპეციალურ ტექნიკასთან ერთად მობილიზებული იყო თავისუფლების მოედანზე.
დაახლოებით შუაღამის 2 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით „გააფრთხილა“ დემონსტრანტები, სამართალდამცველთა მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებითი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი, ძალოვანმა უწყებებმა შსს-ს განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მშვიდობიანი დემონსტრანტები უკანონოდ დაარბიეს.
თავდაპირველად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები (წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი) ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, გაფრთხილების წესების დარღვევით გამოიყენეს. დაახლოებით, 02:30 საათზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა თავისუფლების მოედნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით დაიძრა და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას სპეციალური საშუალებების გამოყენებით შეეცადა.
დემონსტრანტების ინფორმაციით, წყლის ჭავლში გარეული იყო ცრემლსადენი გაზი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს 21 ოქტომბრის განცხადებით თავად დაადასტურა. Amnesty International-ის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ პროპორციულად, კანონიერად და მინიმალური ინტენსივობით. ამასთან, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია შეკრებაში მონაწილე ჯგუფის სამართავად, ძალადობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე. დოკუმენტი კრძალავს აღნიშნული საშუალებების ერთდროულად გამოყენებას.
სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენების გარდა, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები დილის 7 საათამდე მისდევდნენ, წრეში აქცევდნენ და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს.
შსს-ს სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით, უწყების წარმომადგენლები ვალდებული არიან, მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც შეკრებას აშუქებენ, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის 22 წარმომადგენელს პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს. აქციის ზოგიერთი მონაწილისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანების ხასიათი მოწმობს, რომ დაზიანებები (ძირითადად, დაშავებული სახის და თავის მიდამოები) წარმოადგენდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ აშკარა ანგარიშსწორებას.
შსს-ს სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალა თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტული გარემოებისათვის საჭირო მინიმალური ოდენობით უნდა გამოიყენონ. ორგანიზაციის შეფასებით, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 43 პირი. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ადვოკატების განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობა ნაცემია. მათი ნაწილის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს:
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს – არ შეასრულონ უკანონო ბრძანება; იხელმძღვანელონ საქართველოს კანონმდებლობით და პროფესიული ღირსებით.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევები და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.