„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში” არიან დასაქმებულნი, მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს, ემიჯნება.
ისინი აქციის მონაწილეთა დაკავებებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას გმობენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა დაუშვებელია.
„ჩვენ, „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” თანამშრომლები, ვგმობთ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია. საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 31 თანამშრომელი აწერს ხელს.