საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო არსებითად განსახილველად საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების სარჩელი 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სასამართლოს ვებგვერდზე.
როგორც ჩანს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი დაწერა მხოლოდ ორმა მოსამართლემ თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.
გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი დაიწერა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი დაიწერა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 19 ნოემბერს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
პრეზიდენტი მოითხოვდა არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.