ამ წუთიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც უნდა იცნობდეთ, როგორც რუსეთის ჯალათებს საქართველოს წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნაცვლიშვილი წერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო, ხელი მხოლოდ ორმა მოსამართლემ არ მოაწერა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო ყველა სისასტიკეს და უკანონობას, „ოცნების“ მარბიელ რაზმებს, მოქალაქეთა მტვრევას, ძალაუფლების მიტაცებას და კონსტიტუციურ გადატრიალებას.
დღეს, მან გამოაცხადა, რომ განსახილველად არ მიიღებს არც პრეზიდენტის და არც მე-10 მოწვევის დეპუტატების სარჩელს. ეს სარჩელები იყო ის ვიწრო სამართლებრივი ბილიკი, რომლითაც შესაძლებელი იყო, პროცესი დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ ჩარჩოში, ხელისუფლებას ვეღარ გაეგრძელებინა ახალგაზრდების მტვრევა, დანიშნულიყო ახალი არჩევნები და საზოგადოებას მისცემოდა შესაძლებლობა, ახალი და თავისუფალი არჩევნებით დაებრუნებინა თავისი ქვეყანა კონსტიტუციურ კალაპოტში, ევროპულ გზაზე. ამ წუთიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც უნდა იცნობდეთ, როგორც რუსეთის ჯალათებს საქართველოს წინააღმდეგ.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს მათ: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.
ორმა მოსამართლემ დააფიქსირა განსხვავებული აზრი და არ დაეთანხმა უმრავლესობას: თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.