ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები, ამავე უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტის რამდენიმე დღის წინ დაკავებას აპროტესტებენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილების მოთხოვნა დაკავებულების დროულად გათავისუფლებაა.
ამბობენ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი თეა ცაგურია დაკავებულებს შეურაცხყოფას აყენებდა და მუქარის შემცველი ტექსტებით ესაუბრებოდა, რადგან დაკავებული პირები პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ. კერძოდ, საუბარია ლექტორის თეა ცაგურიას და დეკანის მამუკა ჯორბენაძის დაპირისპირებაზე.
სტუდენტების თქმით, ლექტორმა თეა ცაგურიამ, დეკანს მამუკა ჯორბენაძეს „საქმის გასარჩევად ქმარი მიუგზავნა”.
დაკავებულია დეკანი მამუკა ჯორბენაძე, სტუდენტები: გიორგი დავითაძე, გურამ მიქელაძე, ანრი კაკაბაძე და დავით გვიანიძე.
„სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს. სასწავლებელში დაპირისპირების დროს ადგილზე ვიმყოფებოდი, წინა დღეს პლაკატები გავაკარით, რაც მეორე დღეს ჩამოხეული დაგხვდა. ლექტორმა თეა ცაგურიამ ხმამაღალი ტონით მოგვმართა, გვითხრა, რომ სხვა სტუდენტებს ხელს ვუშლიდი და ვაბულინგებდით, ქალბატონო თეა ხმამაღალი ტონით და დაცინვით გვესაუბრებოდა.
სასწავლებელში დაძაბული სიტუაცია დაიწყო, მამუკა ჯორბენაძე დაცვის მიზნით მოვიდა და თეა ცაგურიას მოუწოდა, სტუდენტების მიმართ წესიერი ტონით ესაუბრა, რის შემდგომაც თეა ცაგურია აგრესიულო გახდა და შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო, მან თავის მეუღლეს შეატყობინა, რომელიც ბათუმის მერიის თანამშრომელია.
მამუკა ჯორბენაძეს მუქარის “მესიჯი” მოუვიდა, ამის შემდეგ უნივერსიტეტში ორი პირი მოვიდა, ბატონი მამუკა მარტო ეგონათ და სტუდენტებიც დახვდნენ, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სტუდენტები დეკანის დასახმარებლად მივიდნენ, ისინი გვემუქრებოდნენ და რატომღაც სტუდენტები და დეკანი დააკავეს. ეს ადამიანები დაკავებულები არიან იმის გამო, რომ აქციაზე დადიოდნენ. მამუკა ჯორბენაძე ყოველთვის ჩვენს მხარეს იჭერდა და ახლა ის დაკავებულია. თავად თეა ცაგურია ინციდენტის შემდეგ სასწავლებელში არ გამოცხადებულა. ცაგურია გვეუბნებოდა, რომ სხვა სტუდენტებს ვაბულინგებდით თურმე და სასწავლო პროცესს ვაჩერებდით”,- აცხადებს სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე.