7 დეკემბერს პარიზში შეხვედრისას, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა აიღოს ვალდებულებები უკრაინის მხარდასაჭერად და სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. იუწყება The Wall Street Journal
WSJ-ის წყაროების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ემანუელ მაკრონთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ სურს ნახოს “ძლიერი, კარგად შეიარაღებული უკრაინა” საომარი მოქმედებების ნებისმიერი შეწყვეტის შემდეგ.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ ევროპამ უნდა ითამაშოს მთავარი როლი უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში და რომ მას სურს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი პერიოდი უკრაინაში მყოფმა ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ.
ამასთან, ტრამპმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების ყოფნა უკრაინაში.
WSJ ასევე წერს, რომ ტრამპმა მოუწოდა ევროპელებს მეტი გააკეთონ რათა აიძულონ ჩინეთი მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, დაასრულოს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.
ამ კონტექსტში ლიდერებმა აღნიშნეს პეკინის წინააღმდეგ ტარიფების გამოყენების შესაძლებლობა.
აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირებმა The Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ტრამპს ჯერ არ აქვს კონკრეტული გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ მიიღებს მთავარ გადაწყვეტილებებს ეროვნული უსაფრთხოების გუნდის შექმნისა და მოკავშირეებთან და შესაძლოა, ვლადიმირ პუტინთანაც შემდგომი მოლაპარაკებების შემდეგ.