ბრიუსელში რადიო თავისუფლების ახალი ამბების ცენტრალური სამსახურის წყაროების ცნობით, ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირი რუსეთის „ჰიბრიდული საფრთხეებთან“ დაკავშირებულ სანქცირების რეჟიმს გააფართოებს – სანქციებს დაუწესებს კიდევ 18 ადამიანსა და 3 კომპანიას.
მათ შორისაა საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ჰოლდინგი მართავს რუსეთში ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებს.
ევროკავშირი მისი სანქცირების გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითებს, რომ იგი „პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროპის კავშირში“.
სანქციები ეხება პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებსა და საინფორმაციო მანიპულაციებში.
სიაში ასევე არიან:
ანდრეი ავერიანოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის „29155 ქვედანაყოფის“ დამფუძნებელი; გამოცემების, The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მისი ვაჟი, ალბერტ ავერიანოვი მონაწილეობდა თბილისში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართულ სპეციალური ოპერაციაში;