სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები.
მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით – “არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“ , ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები.
პროტესტის მონაწილეები, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
დაგეგმილია მსვლელობა, პარლამენტის მიმართულებით.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.
ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს.
ასევე, დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციიდან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.