სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაკავებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ასევე მხარდაჭერის მიზნით აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარებიც ჩამოთვალეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
მსვლელობაში მონაწილეობას ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები იღებენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით – „არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და სამართალდამცავების მიერ ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები.
პროტესტის მონაწილეები, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს.