საქართველო ხდება სახელმძღვანელო, თუ როგორ შეუძლია რუსულ გავლენას, დემოკრატიული სისტემა გადააქციოს ავტორიტარულ რეჟიმად ტყვიის გასროლის გარეშე, მაგრამ საქართველო ევროკავშირის კანდიდატია, ევროკავშირის ინსტიტუტები განზე ვერ გადგებიან, – ამის შესახებ რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.
„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა სტრასბურგისკენ მოემართება, რომ მოგვმართოს ჩვენ, ევროკავშირის დემოკრატიის შუაგულში. არის რამე იმედი? – ეს ლიეტუვაში ჩემთვის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა. დიახ, არის. გასულ კვირას, როცა თბილისში ვიყავი, ვნახე იმედიანი ადამიანები ევროკავშირის დროშებით ხელში, მათ ეს დროშები აღმართული აქვთ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ ქვეყანაში, პატარა სოფლებში. 500 დაკავებული, ასობით ნაცემი, ნაწამები, მათ შორის ჟურნალისტები, მაგრამ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის დემონსტრაციებზე. საქართველო ხდება სახელმძღვანელო, თუ როგორ შეუძლია რუსულ გავლენას დემოკრატიული სისტემა გადააქციოს ავტორიტარულ რეჟიმად ტყვიის გასროლის გარეშე, მაგრამ საქართველო ევროკავშირის კანდიდატია, ევროკავშირის ინსტიტუტები განზე ვერ გადგებიან. ჩემი ჯგუფის, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია ნათელია – საპარლამენტო არჩევნები მოპარული იქნა“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
მისი თქმით, საქართველოს დასახმარებლად სხვა გზა არ არსებობს, გარდა ახალი არჩევნების ჩანიშვნისა, იქამდე კი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი იქნება.
„საქართველოს დასახმარებლად სხვა გზას ვერ ვხედავთ, თუ არა ახალ არჩევნებს. სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი მანამდე, ვიდრე ახალი არჩევნები ჩატარდება. ჩვენ მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ სანქციები ინდივიდებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არჩევნების გაყალბებაზე და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაში. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ სახელმწიფოთა მეთაურებს, წევრი სახელმწიფოების მინისტრებს, ჩავიდნენ თბილისში ევროპული ქართული მისიით. მოვუწოდებ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, საკუთარ თავზე აიღოს და არ დაუშვას პუტინისა და მისი მარიონეტების მიერ ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება. ეს ის ბრძოლაა ნამდვილი მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, რისთვისაც უკრაინელები იბრძვიან“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.