ქმედება, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა ჩადენილი, სისხლის სამართლის კოდექსით ფასდება, როგორც მკვლელობის მცდელობა – შსს-დან რეაგირება არ მომხდარა, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი არის ივანიშვილის რეჟიმი და პერსონალურად ხელს ვადებ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მის მიერ თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია.
„გუშინ, 22:20 საათზე ვიმყოფებოდი რუსთაველზე, მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად, რა დროსაც ჩემზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა პიროვნების მიერ, რომელსაც ხელში ჰქონდა ბასრი სახრახნისი. ის ფიზიკურად დამესხა ზურგიდან. ჯერ ზურგში დამარტყა ეს სახრახნისი, შემდეგ თავში და ყელის არეში განხორციელდა დარტყმა ამ ნივთით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა ჩვენ მიერ ამოღებული. მომიტინგეების დახმარებით ამ ადამიანის მოგერიება მოხდა.
ადგილზე ასევე, ამოღებულია მისი [თავდამსხმელის] გასაღები, რომელზეც არის ლიფტის ჩიპიც, რომლითაც პირადად იდენტიფიცირდება ეს პიროვნება. ეს არის დავით ედიშერაშვილი, 1976 წელს დაბადებული, მცხოვრები ვაზისუბანში. ის რომლის ვიდეო მასალაშიცაა ასახული. ქმედება რომელიც ჩემს წინააღმდეგაა ჩადენილი, სისხლის სამართლის კოდექსით ფასდება როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან არაერთგზის სცადა სახრახნისის დარტყმა ისე, რომ მძიმე ზიანი მოეყენებინა, მათ შორის ყელის არეში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გაიქცა. მომიტინგეების მხრიდან 112-ზე მყისიერად შევიდა შეტყობინება. საათ ნახევარი ველოდით, რომ მოსულიყო ვინმე, რის შემდეგაც დამიკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ 10 წუთში მოვიდოდა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ დაახლოებით 10 წუთში, იგივე პიროვნება დამიკავშირდა სხვა პიროვნებასთან ერთად, რომელმაც მითხრა, რომ ადგილზე მოსვლას არ აპირებდა, რაც კანონდარღვევაა. უფრო მეტიც, იქიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც იმყოფებოდნენ. არცერთი მათი მხრიდან არ მომხდარა რეაგირება. ამის შემდეგ მე წავედი სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანებების აღსარიცხად. დაზიანებებში არის თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, ასევე ლოყის და საფეთქელ ქვედა ყბის არეში ღია ჭრილობა. ეს არის დასკვნა სამედიცინო დაწესებულებიდან. იქიდანაც მოხდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ შემთხვევის შესახებ, თუმცა არავინ გამოჩენილა. ჩემი გამოსვლის დროს, რამდენიმე, “ტიტუშკის“ მსგავსი ადამიანები იკრიბებოდნენ სამედიცინო დაწესებულებასთან.
ყველა ამ ფაქტს ვყვები იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი არის ივანიშვილის რეჟიმი და პერსონალურად ხელს ვადებ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც გასცემს ამ დანაშაულებრივ ბრძანებებს და რომელიც ასრულებს ამ დანაშაულებრივ ბრძანებებს სამართალდამცველი ორგანოების მეშვეობით.
ფართო სურათით რომ დავინახოთ, დღეს საქართველოში კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, რომლებიც სცემენ ადამიანებს, ჟურნალისტებს, ადამიანებს. იჭერენ და აკავებენ ყალბი ჩვენებებით და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ მსახიობებს, საზოგადო მოღვაწეებს, სხვადასხვა ცნობილ ადამიანს, თუ უბრალოდ პიროვნებებს, ვინც ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან. აქვე, მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ ჩვენ ეს ვერ შეგვაშინებს, პირიქით – გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შენი პერსონალური მოშორება მოხდეს ამ ქვეყნიდან, რადგან შენ ხარ ქაოსის და არეულობის შემომტანი. შენ ხარ ადამიანი და მოძალადე, რომელიც ძალადობ ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, მსახიობებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ღიად და პირდაპირ ითხოვენ შენგან,დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ყველა დაკავებული პატიმარი და დაინიშნოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, სანამ შენ არ მოგაშორებთ ამ ქვეყნიდან, რადგან ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის კონკრეტული ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი. არავინ მიგდია არც კობახიძე, არც რომელიმე სხვა პიროვნება. პერსონალურად მისგან მოდის ყველა ის დაკვეთა იმ დანაშაულის ჩადენის, რომელიც გვაქვს სახეზე“,- განაცხადა ვაშაძემ.