ქართული ოცნება“ არის ზუსტად ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაგვაახლოვა ევროპასთან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აქვე მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავ, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაგვაახლოვა ევროპასთან. ყველა წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს. 2012 წლის შემდეგ გადაიდგა ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.
ცხადია, ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, ამ მიზნის ვიწროპოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად გამოიყენოს. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობითაც ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით. გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემის საკითხი. როგორ გვაშანტაჟებდნენ და გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. სრულიად ტყუილით და სიცრუით გაჯერებული მესიჯები, რომელსაც ვისმენდით გარედან კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან და რა განცხადებები კეთდებოდა, რაც აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო სიმართლეს და სამართლიანობას.
სამწუხაროდ, დღეს საქართველო ისევ დასაჯეს, ახალი მოიფიქრეს – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა ნათელ ფერებშია, საქართველო კი, ბნელში. ალბათ გახსოვთ ეს განცხადება, რომელიც ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ეს არის ევროპული სამართლიანობა? კითხვა რიტორიკულია, პასუხი კი გახლავთ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახსნის ბედი და ეს არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. მათ დღეს შეუძლიათ, გახსნან მოლაპარაკებები, საქართველოს ხელისუფლება კი, მზად არის, ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. თუმცა ამ თემით მუდმივი შანტაჟი და მანიპულაციები კატეგორიულად მიუღებელია. მაშინ რამ გამოიწვია აქციების ტალღა? რასაკვირველია, ეს არის ისევ და ისევ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წინასწარ გათვლილი და დაკვეთილი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.