საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრაილერის მძღოლი, ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაიკითხება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” ესწრება ყოფილი პრეზიდენტიც.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაკითხავენ. სწორედ ის დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.