საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„წმინდა სინოდმა ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია 1977 წლის 23 დეკემბერს. იმავე წლის 25 დეკემბერს კი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, გაიმართა ილია მეორის ინტრონიზაცია.
საქართველოს პატრიარქი XX-XXI საუკუნეების გამორჩეული რელიგიური ლიდერი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.