მიხეილ სააკაშვილი – რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე? – არ იცით, რისთვის ვზივარ აქ? რა მაქვს მიქარული, ის, რომ ჭაობიდან ამოვათრიე სახელმწიფო?

Published:

რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე – აქედან ხალხი ყვირის, „რუსეთს, რა?!“ და იქიდან „მიშას რაო?!“, ისინი პასუხობენ. რუსეთს და მიშას უპირისპირებენ ერთმანეთს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვით სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილმა სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და მათ შორის იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებთან და სალომე ზურაბიშვილთან ერთად საკოორდინაციო საბჭოში მიიღებს მონაწილეობას

„ქრისტესშობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ამ დღესასწაულს და მინდა გისურვოთ წარმატება და ამ მაჯლაჯუნების დროზე მოშორება. საქართველო ხელში ჩაიგდო ნამდვილმა მაფიამ, ქოსატყუილა “ისტერიჩკების” ბრიგადამ, ვინც ანადგურებს ყველაფერ ქართულს. ამიტომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ყველა ფორმატში, რომელიც ამათ მოშორებას ხელს უწყობს, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს სხვა პარტიებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილთან ერთად საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობას იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა.

ტყიბულში გაათავისუფლეს 150 მეშახტე, პრაქტიკულად, შიმშილისთვის გაწირეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. ჩვენი მოძრაობა, რა თქმა უნდა, ამას უნდა გამოეხმაუროს. რა თქმა უნდა, მე გამოვხატავ სრულ სოლიდარობას ჩვენი პოლიტპატიმრების მიმართ, იმ ახალგაზრდების და არამხოლოდ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უმიზეზოდ, მაგრამ მეგობრებო, მე მინდა ასევე, გთხოვოთ, რომ ხანდახან გაიხსენოთ ისიც, თუ რამხელა უსამართლობა ხდება ჩემს მიმართ. დღეს დილას, რუსულმა რეჟიმმა გამომიცხადა, რომ თურმე კორესპონდენციას ვეღარ მივიღებ. დღეს ადვოკატმა აღარ შემომიტანა კორესპონდენცია, „ფეისბუქის“ ამონაბეჭდები. რუსები არიან, აბა, რა არიან?! ნავალნის არ უკეთებდნენ ასეთ რაღაცებს. რატომ მივაფუჩეჩეთ და დავავიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე. რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ის ფაქტი,რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი. რა, მე, ყველაზე უარესი, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? თქვენ, რა, არ იცით, რისთვის ვზივარ აქ? რა მაქვს მიქარული? ის, რომ ჭაობიდან ამოვათრიე სახელმწიფო? ის, რომ კრიმინალი დავამარცხეთ? თქვენ ვერ ნახეთ გუშინ, რა მოხდა? ასი ნიღბიანი რომ შეიჭრა და დაარბია კლუბი. 90-იან წლებში რომ გადაგვიყვანეს, ვერ ხედავთ და ისევ უნდა გააგრძელოთ ლაპარაკი „სისხლიანი 9 წელი?!“. რა, „სისხლიანი 9 წელი“, რუსული პროპაგანდის კლიშეს ვინც იმეორებს პირდაპირ არის „ქოცი“ და ბიძინაზე უარესი „ქოცი“. 90-იან წლებში დაგვაბრუნეს და იქიდან ამოვათრიეთ ჩვენ ეს ქვეყანა მაშინ. ტყუილად ხომ არ ყვირიან ის კრიმინალი „ტიტუშკები“ – აქედან ხალხი ყვირის, „რუსეთს, რა?!“ და იქიდან „მიშას რაო?!“ ისინი პასუხობენ. რუსეთს და მიშას უპირისპირებენ ერთმანეთს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ციხეში დღეს კორესპონდენცია არ შეუშვეს იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოსთან აქვს მიმოწერა. ამასთან, სააკაშვილმა წარმოადგინა მისი ავტორობით წიგნი „ძალის გამოღვიძება“. როგორც მან განმარტა, ამ წიგნში აღწერილი აქვს ზუსტად ის პროცესები, რომელიც მოხდებოდა.

„მსოფლიოს ძალიან ბევრს ლიდერთან ვმეგობრობ, მაქვს მიმოწერა და ამ მიმოწერას მიჩერებენ იმიტომ, რომ თვითონ აღარავის ელაპარაკებათ და გულზე სკდებიან“-განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მიმართა.

„მე მინდა ვუთხრა ბიზნესმენებს, რომლებიც მაგალითად, ხმას არ იღებენ ჩემ პატიმრობაზე – უკაცრავად, მაგრამ ეს გამჭვირვალე გადასახადები, უმარტივესი საგადასახადო სისტემა და დაბალი გადასახადები, თავის დროზე არაკორუმპირებული გარემო, ბიზნესი რეგისტრაცია, ეს ყველაფერი მე არ მოგეცით? ასე უნდა დაიბანოთ ხელები და თქვათ, „ის დრო არ მოგვწონდა და იმიტომ გადავირჩიეთ“. იმის მერე, რა მიიღეთ ახალი და უკეთესი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img