ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიერ „ინსტაგრამზე“ განთავსებულმა ვიდეომ მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
„ბუბუ“ – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა ჩემპიონმა საკუთარ „ტიკ ტოკ“ პლატფორმასა და „ინსტაგრამზე“ ვიდეო, რომელშიც ჭავჭავაძის გამზირზე ლომის ბოკვერთან ერთად გადაადგილდება.
„ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ კონტრაბანდული გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო… ასეთი სახიფათო ცხოველი ტყვეობაში მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ მას აქვს კონკრეტული დანიშნულება, ეს თუა კონსერვაციისთვის, სამეცნიერო მიზნებისთვის, რასაც ემსახურება ზოოპარკი. სხვანაირად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სახლში სათამაშოდ ჰყავდეთ გარეული ცხოველები.
ლომების გამრავლება ძალიან დიდი ხანია გავაჩერეთ. ბევრი ლომი გვყავს და არ გვინდოდა. სპეციალური ჩიპები არსებობს ამისთვის. გარდა ამისა, ჩვენ თეთრი ლომები გვყავს. ეს ჩვეულებრივი ლომის ბოკვერია.
არ გამიგია, რომ საქართველოში ვინმეს ლომები ჰყავდეს, არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან პრინციპში, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პირობები, გვყავს სათანადოდ მომზადებული თანამშრომლები და ა.შ. ლომი არის ძალიან სახიფათო და ძლიერი ცხოველი” – ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.