გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების თარიღი გამოაცხადა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს დანიშნა.
„ისეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ქმედუნარიანი მთავრობა და პარლამენტში საიმედო უმრავლესობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მოთხოვნით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
16 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა 394-ხმით 207-ის წინააღმდეგ გამოუცხადა, რის შემდეგაც შოლცმა პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიმართა.