გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

Published:

“გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ, არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო “შერატონში” მოხდა და გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს “ქართულ ოცნებას”.

“ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა შეცდომა დაუშვით “ქართული ოცნება”. დანდობა არ იქნება, გპირდებით! საქართველოს პროკურატურა, 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი, დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ! ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად !”, – წერს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა “უდიდესი შეცდომა დაუშვა”

“ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარა ხომ გახსოვთ გახარია მიმართ? დღეს ეს იყო პირადად ივანიშვილი. პასუხისმგებლობაც არის პირველ რიგში ივანიშვილის. ბიძინას შიში რომ გახარიას ჰქონოდა, პოლიტიკაში არ დარჩებოდა. უდიდესი შეცდომა დაუშვა. უდიდესი”, – წერს მეზვრიშვილი.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე “მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს” და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს.

“ერთი მტკიცებულება მაინც რომ დამხვდეს განადგურებული, ცუდად იქნება. კამერები, ანაბეჭდები და ა.შ.!

ვურეკავ აჭარის ა/რ პროკურორს. არ მპასუხობს. შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს”, – წერს მეზვრიშვილი.

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა.

ექიმის თქმით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.

“მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა”, – აღნიშნა ექიმმა თაკო შანთაძემ.

ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. პარტიის წევრები პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img