აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე – მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს – ჩემი გიტარა მენატრება

Published:

ჩემი გიტარა მენატრება, – ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 21 წლის მათე დევიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს.

დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს.

„იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”,- განაცხადა დევიძემ.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img