კახა კალაძე – არ მგონია, ბრიტანეთმა სანქცირების გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა თუ მიიღებენ, ეს ძალიან ცუდი იქნება

Published:

არ მგონია, რომ ბრიტანეთმა ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი – ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, სადაც ნათქვამია, რომ “ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს”.

კალაძეს მოლოდინი აქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება.

„ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ განცხადებებს ვისმენთ და ვხედავთ, რომელიც დაფუძნებულია უსამართლობაზე და, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ვხედავთ. ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავია.

ზოგადად, მსოფლიოში ვხედავთ რა ვითარებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი რაიმე შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ყველას ამის იმედი აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თვითონ საუბრობს ამ ყველაფერზე, რომ პირველი, რასაც გააკეთებს არის ის, რომ “დიფ სთეითი” უნდა დაამარცხოს, ამაზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ. წარმოუდგენელია ასე ცხოვრების გაგრძელება უსამართლობით. როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება…

არ მგონია, რომ ბრიტანეთმა ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება”, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას შევადარებთ პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება უფრო მძაფრი იყო დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით და ეს ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე რამდენიმე ოფშორულ კომპანიას ფლობს, რომლითაც ბიზნესს მართავს, კალაძე ამბობს, რომ “ეს არაფერ შუაში არ არის.”

“როდესაც ჩვენ ვისმენთ განცხადებებს და ვხედავთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, სიყალბეზე და საქმე უსამართლობასთან გვაქვს, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს, ეს მიდგომები და დამოკიდებულებები.

ეს არაფერ შუაში არ არის. ოფშორული კომპანიები რა შუაშია? ადამიანს მთელი ამ წლების განმავლობაში აშანტაჟებდნენ, რომ ქვეყნის ინტერესები დაეთმო. მას აშანტაჟებდნენ თავისი პირადი თანხებით. იცით თქვენ, რომ დავა მიმდინარეობდა შვეიცარიის სასამართლოში, მან ეს დავა მოიგო, თუმცა თანხას არ უბრუნებენ და აშანტაჟებდნენ, რომ მას შესაბამისი ნაბიჯი გადაედგა და შემდეგ ამას მოჰყვა დასანქცირება. საბოლოო ჯამში, დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა, ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს და ასევე, ვერანაირი სანქციებით შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე”, – განაცხადა კალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img