სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება

Published:

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება. მოქალაქეთა ჯგუფი აპროტესტებს ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის საჯარო განცხადებებს, რომლებიც მან პროევროპულ აქციებსა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

დემონსტრანტებმა მიიტანეს პროევროპული აქციების იმ მონაწილეების ფოტოები, რომლებსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. პლაკატებზე წერია: „რეჟიმის დამცველი“, „სახალხო დამცველი – რეჟიმის დამცველი“. აქციაზე მიიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვილი მტკიცებულებები, რომლებითაც ამტკიცებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

ლევან იოსელიანმა ბოლო პერიოდში ორი განცხადება გააკეთა:

  • მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება;
  • აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება ვერ დაინახა.

„საქართველოში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, ხოლო სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენი უფლებების მთავარი დამცველი უნდა იყოს, რეჟიმის დამცველად იქცა!..

ეს უკვე აღარ არის უბრალოდ დუმილი – ეს უსამართლობის გამართლებაა! ამ ქმედებით, ლევან იოსელიანი ხდება მოძალადე რეჟიმის თანამონაწილე“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ერთ-ერთმა მონაწილემ აქციაზე თაიგული მიიტანა და თქვა, რომ უნდა სახალხო დამცველს „პატივი მიაგოს“.

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს. მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ თბილისსა და რეგიონებში.

პროევროპული აქციების მოთხოვნაა ასევე აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ათობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრები გადაღებული აქვთ მედიასაშუალებებს. ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არაა დასჯილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img