ზელენსკი – უკრაინა არასდროს დასთანხმდება ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ნაწილად აღიარებას

Published:

უკრაინა მოკავშირეების ზეწოლითაც კი არ დასთანხმდება კომპრომისს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას გამოიწვევდა. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ზელენსკის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები მათ დაბრუნებამდეც ყოველთვის უკრაინის მიწად დარჩება და რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებენ.

პრეზიდენტი ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა წარმოებდეს და პუტინს ვერ შეაჩერებენ, თუ მასთან, როგორც თანასწორთან ილაპარაკებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ ეტაპზე უპირველეს ამოცანად დაასახელა ომის აქტიური, ცხელი ფაზის დასრულება და უსაფრთხოების გარანტიები.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას და რუსეთს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. ტრამპი პუტინსა და ზელენსკისთან შეხვედრებს გეგმავს.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 20 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. რუბიოს არ უთქვამს, კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ. სახელმწიფო მდივნის თანახმად, ომის დასრულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
  • პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img