ნიკა გვარამია მზია ამაღლობელის მოსანახულებლად რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება

Published:

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მოსანახულებლად რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამია შევიდა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საპატიმრო. მისივე თქმით, ის აპირებს, როგორც მოქალაქემ, რომელიც არის სოლიდარული ჟურნალისტის მიმართ, ადვოკატირება გაუწიოს მზია ამაღლობელს და ამ მიზნით გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და კონტაქტი.

„ქალბატონი მზია არის სინდისის პატიმარი, იგი არ არის აქ, როგორც პოლიტიკოსი. ჩემი დაჭერა, მაგალითად, ჟურნალისტობის დროს, მაინც უფრო პოლიტიკური მოტივებით იყო, მაგრამ ქალბატონი მზია სწორედ როგორც ჟურნალისტია დაკავებული. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ადამიანის პასუხი იმაზე, რომ შეაფურთხეს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ასეთ ვითარებაში ჩვენ როგორ მოვიქცევით, არავინ არ იცის. მე მაქვს ჩემი შესაძლებლობები, კავშირები, ვაპირებ, რომ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მე ვარ ჟურნალისტი, რომელმაც მიიღო ჯილდო ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისგან. ზუსტად ამ თვალსაზრისით ვაპირებ სიარულს. მე არ ვაპირებ საქართველოში მის ადვოკატობას, თუმცა თუ თვითონ ექნება ეს პოზიცია, ამისთვისაც მზად ვარ. ადამიანს პატივი უნდა ვცეთ მისი დამსახურებების გამოც და ასევე იმის გამოც, რომ ის უბრალოდ საკუთარი პოზიციის გამო იხდის სასჯელს არაფრისთვის. დაზარალებული ამ ვითარებაში ქალბატონი მზიაა, ამიტომ ყველაფრის გაკეთებას ვაპირებ, რომ მან დატოვოს საპატიმრო რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გვარამიამ.

დღესვე ნიკა გვარამია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძესაც მოინახულებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img