„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.
„უკანონო პატიმრობაში მყოფი “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება“, – წერს ორგანიზაცია 27 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საია წერს, რომ მზია ამაღლობელმა საიას თავმჯდომარესთან, ნონა ქურდოვანიძესთან საუბრისას წინა კვირას აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.
თუმცა საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.
„ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“, – აცხადებს ორგანიზაცია.