გიორგი ბაჩიაშვილის დედა – პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო

Published:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედის, მარინა რამაზაშვილის განცხადებით, მან „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავას ფრაზა – „თქვენ უნდა გეშინოდეთ”, მუქარად აღიქვა.

როგორც რამაზაშვილი განმარტავს, სხდომა დახურულ რეჟიმში იმის გამო ტარდება, რომ საზოგადოებას სიმართლე არ გაეგო.

„მასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. „თქვენ უნდა გეშინოდეთ” – ისე გავიგე, რომ ყველას, ვინც “ქართუ ბანკში” სესხი აიღო და დროულად დააბრუნა, უნდა ეშინოდეთ, თუ ისინი არასასურველი გახდებიან, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, რატომ დააბრუნა დროულად სესხი”, – განაცხადა რამაზაშვილმა.

კითხვაზე, ნატო ხაინდრავას ნათქვამი, აღიქვა თუ არა მუქარად, მან დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა, მუქარად აღვიქვი. ნატოს პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო. ახლა სიმართლე დაფარულია, დღეს სიმართლეს ძინავს, სიმართლე არ არსებობს”,- განაცხადა რამაზაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ პროცესზე აძლევს ჩვენებას „ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლისას მას ბაჩიაშვილის დედამ, მიმართა კითხვით – „რისი გეშინიათ?“

„არაფრის არ მეშინია, თქვენ უნდა გეშინოდეთ. მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე”,- უპასუხა ნატო ხაინდრავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img