ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას დისტანციურად მისცემს, რადგან პროცესზე მისვლას ასაკის და უსაფრთხოების გამო ვერ შეძლებს. ასეთი შუამდგომლობით მიმართა ადვოკატმა და შემდეგ უკვე პროკურატურამ სასამართლოს.
ივანიშვილის ადვოკატმა დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოში ოლიგარქის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. თეიმურაზ წიქვაძის თქმით, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლოში ყველა პროცესი უნდა გადაიდოს და შენობაში მხოლოდ ივანიშვილი უნდა იმყოფებოდეს. ადვოკატმა პარალელი წინასაარჩევნო პერიოდთანაც კი გაავლო, როდესაც ივანიშვილი ხალხთან შესახვედრად შუშის სასახლით დადიოდა.
ჟურნალისტებმა ადვოკატს ჰკითხეს, დაიხურება თუ არა 5 თებერვალს ჩანიშნული პროცესი, სადაც ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს, თუმცა ამაზე ინტერესების დამცველმა არ უპასუხა.
ივანიშვილს არ ეშინია, რა თქმა უნდა, ბაჩიაშვილისთვის თვალებში ჩახედვა. ჩვენს განცხადებას, რომლითაც მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს, ჰქონდა ობიექტური მიზეზი და ეს არის უსაფრთხოება. თქვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ საჯარო გამოსვლები როცა ხორციელდებოდა მათ შორის საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენებოდა უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები. სასამართლო თავისი არსით არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც დღის განმავლობაში ტარდება უამრავი პროცესი, დადის უამრავი ხალხი და ცხადია, ჩვენი ერთი პროცესის გამო სხვა ადამიანების პროცესების გადადება ვერ განხორციელდება, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ამ ეს უსაფრთხოება აქ ვერ განხორციელდება. ასეთი მოსაზრებაა ჩენს მხარეს. ეს განცხადება დავაფიქსირეთ, შესაბამისი შუამდგომლობა დააყენა შემდგომ ბრალდების მხარემ და სასამართლომ ეს გაიზიარა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, – ამბობს წიქვაძე.
საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე გამოიკითხა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ მურუსიძე – ჩინჩალაძის კლანის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე 5 თებერვალს დისტანციურად გამოიკითხება.
თავად ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს პირდაპირი პასუხისმგბელობის ეშინია და არ სურს, კითხვებზე პასუხები საჯაროდ გასცეს.