მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ხვალ, „ვივამედში“ შესაძლოა, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევიდეს

Published:

კლინიკა „ვივამედში“ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ხვალ შესაძლოა, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევიდეს.

აღნიშნულის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ ჟურნალისტებს კლინიკაში ჟურნალისტის მონახულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მზია ამაღლობელს კლინიკა “ვივამედის” დატოვება სურს, თუმცა ექიმებმა მოითხოვეს, რომ მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს.

„დღეს მოვინახულე ქალბატონი მზია ამაღლობელი. მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად გრძნობს თავს. მე ადვოკატი ვარ და პროფესიონალურად ვერ ვაფასებ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა პალატაში დამხვდა, ჩვეულებრივად დადიოდა, სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც შიმშილობა შეწყვიტა და ყველას სთხოვა, რომ მის გამო თავგაწირვა არ ღირს. რაც შეეხება “ვივამედში” დატოვების საკითხს, ბატონ ზურა ჩხაიძესაც ვესაუბრე და თვითონ კლინიკამ მოსთხოვა მას, რომ გარკვეული დრო დაყოს კლინიკაში, რათა კვლევები ჩატარდეს. გარკვეული ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში. ქალბატონი მზია ითხოვს, რომ კლინიკა დატოვოს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდეს. ამბობს, რომ არანაირ შეღავათს არავისგან არ ითხოვს. ხვალ შეიძლება შემოვიდეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი. ხვალ უნდა გაირკვეს, რა სახის კვლევები იქნება საჭირო. გადაეცემათ „ფორმა 100“, რასაც სანდო ექიმები გაეცნობიან და დანარჩენი ხვალ გაირკვევა. ქალბატონი მზიას მოთხოვნა არის, რომ თუ რამე კვლევა არის დარჩენილი, დღეს ჩატარდეს. ხვალ ექიმებიც შემოვლენ და მაქსიმუმ, ხვალ საღამოს პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ“, – განაცხადა ქათამაძემ.

რაც შეეხება იმას, დაუტოვეს თუ არა მზია ამაღლობელს საკვები, ადვოკატი განმარტავს, რომ დღეს მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა იყო ფაქტი, როდესაც მოშიმშილე ადამიანს საკვები დაუტოვეს. ჯუბა ქათამაძე აღნიშნავს, რომ ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

„კანონმდებლობით გაწერილი ინსტრუქციით, როცა პატიმარს საკვებს სთავაზობენ და ის უარს აცხადებს, ეს საკვები გააქვთ და მან ოქმზე უნდა მოაწეროს ხელი. როცა შევედი, ეს საკვები დატოვებული დამხვდა, შემდგომ პენიტენციურის თანამშრომლებს მოვუწოდეთ და მათ გვითხრეს, რომ სანიტარი გაიტანდა. გარკვეული დროის შემდეგ, სანიტარმა გაიტანა. ეს რა თქმა უნდა, წესების დარღვევა არის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთ იარაღად შეგვიძლია განვიხილოთ იქედან გამომდინარე, რომ ყველანაირი წესები დაარღვიეს“, – განაცხადა ქათამაძემ. მისი განმარტებით, მზია ამაღლობელს წონის კლება აღენიშნება, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილდება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით ორი დღის წინ გადაიყვანეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img