დონალდ ტრამპის კომენტარებს უკრაინაში რუსეთის ომისა და უკრაინის პრეზიდენტის შესახებ, რომელთა მიხედვითაც, თითქოს უკრაინასაც ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ომი ვერ აიცილა, პრეზიდენტი ზელენსკი კი „მოკრძალებულად წარმატებული კომისკოსი“ იყო, რომელიც ახლა „უარჩევნებო დიქტატორია“, მრავალი საპასუხო განცხადება მოჰყვა. როგორც აშშ-ის კანონმდებლების, მათ შორის, რესპუბლიკელების, ისე ევროპელი ლიდერების მხრიდან.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილს უწევს დააზუსტოს მედიასთან თუ სოციალური ქსელებით პირად გვერდებზე, რომ ტრამპის კომენტარები პრეზიდენტის დამოკიდებულებას ასახავს.
„ცხადია, ომზე პასუხისმგებელი ვლადიმირ პუტინია. მისმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა დახოცილი, გაუპატიურებული, ნაწამები, გატაცებული უკრაინელები, რომელთა რაოდენობასაც ვერ ვითვლით ჯერ. ის არის პასუხისმგებელი ომზე. მე არ ვიცი, ამაზე მარტივად და მკაფიოდ ეს როგორ უნდა ითქვას“, — თქვა ჟურნალისტებთან რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა.
ასევე რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ კენედი კი აღნიშნავს, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, ვინ დაიწყო ომი და ეს არის რუსეთი.
„მე მჯერა ისიც, ჩემი მწარე გამოცდილებით, რომ ვლადიმირ პუტინი განგსტერია. განგსტერი შავბნელი სულით“, — თქვა კენედიმ.
სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა ტრამპის გაკრიტიკებას თავი აარიდა, თუმცა არც დასთანხმებია.
„პრეზიდენტი თავისი საკუთარი სახელით ლაპარაკობს. მე ის მინდა, რომ მშვიდობა იქნას მიღწეული. ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა, როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, სადამდე მივა ეს“, — თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა.
რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოულიც ერთგვარად შუალედურ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ტრამპმა რუსეთიც დაადანაშაულა და „სანქციებით დაემუქრა, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდებოდა“.
მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში, აშშ-მა და რუსეთმა უკრაინის გარეშე წარმართეს. უკრაინის პრეტენზიას მოლაპარაკებებში არჩართვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ომი უკრაინას საერთოდაც არ უნდა დაეწყო.
თუ ზემოთ ნახსენები რესპუბლიკელი ჰოული ამბობს, რომ მხარს უჭერს ტრამპის მოწოდებას უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუ უკრაინას უნდა შეინარჩუნოს პოზიცია, რომ დემოკრატიას იცავს, დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ტრამპის კომენტარები საფრთხის ქვეშ აყენებს აშშ-ის როლსა და პოზიციას გლობალური თვალსაზრისით. დემოკრატი სენატორების განცხადებები, რესპუბლიკელებთან შედარებით, ბევრად მკაცრია.
„ეს უკვე მეტისმეტია. აღმაშფოთებელია და სასაცილოც კი, რომ პრეზიდენტი ასე იქცევა, მოწმენდილ ცაზე იწყებს სრული ტყუილების ლაპარაკს“, — უთხრა ჟურნალისტებს დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა.
დურბინის პირად გვერდზე სენატის საიტზე კი ვკითხულობთ, რომ ამას რომ აზრი ჰქონდეს, მოუწოდებდა ტრამპს, ბოდიში მოუხადოს უკრაინელებს.
„უკრაინელები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დასაცავად დაიხოცნენ, უფრო მეტს იმსახურებენ, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის შეურაცხმყოფელი კომენტარებია. მოვუწოდებდი პრეზიდენტ ტრამპს, ბოდიში მოეხადა უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ეს დროის კარგვა იქნებოდა. დონალდ ტრამპი იოლი ნადავლია პუტინისთვის“, — წერს დურბინი.
სენატის საიტზევე ეხმაურება ტრამპს კიდევ ერთი დემოკრატი სენატორი ადამ სკიფი.
„ჯერ მიუნხენში ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი თავს დაესხა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და თავდაცვის მინისტრმა დაასუსტა ნატო. ახლა თავად პრეზიდენტი წავიდა კიდევ უფრო შორს და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდის მიღმა დატოვა, სადაც საუბარი უკრაინის მომავალს ეხებოდა. რუსი დიქტატორი რომ დაამშვიდოს, ჩვენს დემოკრატ მოკავშირეს სწირავს. თუთიყუშივით იმეორებს პუტინის ტყუილებს და უკრაინას ადანაშაულებს, რომელსაც რუსეთი შეეჭრა და ააოხრა. ტრამპი ამით ძირს უთხრის უკრაინის პოზიციასაც და ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებასაც აყენებს რისკის ქვეშ.
ერთ კვირაში პრეზიდენტმა ტრამპმა უფრო მეტი ზიანი მიაყენა აშშ-ს, როგორც 80 წლის მანძილზე მსოფლიო ლიდერს, ვიდრე ამას ჩვენი ყველა მოწინააღმდეგე შეძლებდა ერთად აღებული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ უკრაინამ მიიღოს მხარდაჭერა და დახმარება, რათა დაიცვას თავი რუსეთისგან, რომელიც არაპროვოცირებულად შეეჭრა. არ უნდა დავტოვოთ ეს ქვეყანა მარტო. რომელი მოკავშირე ენდობა შეერთებულ შტატებს ახლა, როცა მისი პრეზიდენტი ასე მუხანათურად ღალატობს მოძმე დემოკრატიულ სახელმწიფოს?“ — წერს სენატორი სკიფი.
„ეს არის ის, რისიც ყველას გვეშინოდა. მას [ტრამპს] სწორად არ ესმის ისტორიის განვითარება და ბრალს უყენებს ლიდერს ქვეყნისა, რომელშიც ავტოკრატიული რეჟიმია შეჭრილი; არ ესმის, რომ ავტოკრატია დაესხა თავს დემოკრატიას“, — თქვა მედიასთან დემოკრატმა სენატორმა ელისა სლოტკინმა.
ჯონ ბოლტონმა, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, პრეზიდენტის კომენტარებს პირდაპირ უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ გაკეთებულ სამარცხვინო კომენტარებს შორის ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე“.
რესპუბლიკელი სენატორი, რომელმაც ცალსახა მხარდაჭერა გამოთქვა ტრამპის კომენტარების მიმართ, სენატორი ერიკ შმიტია.
„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ამერიკელი ხალხის სახელით, ცდილობს, მშვიდობას მიაღწიოს რუსეთსა და უკრაინას შორის. საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისასაც ხშირად საუბრობდა ამაზე. მან თქვა, რომ უნდა მოიტანოს მშვიდობა და მგონია, რომ ამას მიაღწევს. ომი ძალიან გაგრძელდა. მე ვენდობი პრეზიდენტ ტრამპს, ის მოლაპარაკებების ოსტატია და ვფიქრობ, მიაღწევს მდგრად მშვიდობას. […] მადლობა ღმერთს, გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ძალა, რომ გამოვიდეს მსოფლიო არენაზე და დაასრულოს ომი. აი, ამას ვუჭერ მე მხარს“, — თქვა შმიტმა.
ამავე დროს, სენატორმა ჩაკ გრასლიმ, რესპუბლიკელების უხუცესმა წარმომადგენელმა სენატში, აღნიშნა, რომ თუ ვინმეს დიქტატორის წოდება ეკუთვნის, ეს პუტინია.
„პუტინია დიქტატორი. პუტინია მკვლელი, ის, ვინც მკვლელობით იშორებს თავიდან პოლიტიკურ ოპონენტებს. ის არის გამტაცებელი, საერთაშორისო კრიმინალი. ეს ყველაფერი მეტყველებს, რასთან გვაქვს საქმე, როცა რუსეთზე ვლაპარაკობთ“, — თქვა გრასლიმ.
რესპუბლიკელი სენატორი კევინ კრამერი ამბობს, რომ „ტრამპს ყოველთვის რაღაც ჩანაფიქრი აქვს“ და ახლაც შეიძლება,ზელენსკის შესახებ თავისი კომენტარებით პუტინთან მოლაპარაკებებისთვის იმყარებს ნიადაგს.
რესპუბლიკელი სენატორი ბრაიან ფიცპატრიკი X-ზე მოკლე და მკაფიო კომენტარით შემოიფარგლა: „პუტინია დიქტატორი არჩევნების გარეშე.“
კიდევ ერთი რესპუბლიკელი სენატორი სიუზენ კოლინზი ასევე უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს ზელენსკის მიმართ.
„წარმოუდგენლად დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც ასე მამაცურად უძღვება თავის ქვეყანას ყველაზე უფრო მძიმე პერიოდში, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ომი პუტინმა დაიწყო, როდესაც არაპროვოცირებულად შეიჭრა უკრაინაში“, — თქვა სენატორმა ჟურნალისტებთან.
სენატორი მაიკ რაუნდსი, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზელენსკია სწორედ „მთავარი კომპონენტი“, რითაც უკრაინა ახერხებს, წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას.
„მე რამდენჯერმე შევხვედრივარ პრეზიდენტ ზელენსკის და ვფიქრობ, რომ ის არის მთავარი კომპონენტი იმ ფაქტში, რომ უკრაინელი ხალხი ახერხებს გაუმკლავდეს რუსეთის შემოტევებს“, — თქვა რაუნდსმა.
რესპუბლიკელი სენატორი ლაიზა მურკოვსკი, როდესაც მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა ტრამპის მოსაზრებებს ზელენსკის შესახებ, მოკლე პასუხით შემოიფარგლა, რომ არ ეთანხმება.
ტრამპის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ტრამპს X-ზე დაწერილი პოსტით მიმართავს:
„ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას არ დაუწყია ეს ომი. რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და მხეცური შეტევა, რასაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გზამ მშვიდობისკენ ჭეშმარიტებაზე უნდა გაიაროს“, — წერს ტრამპის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.
რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ლოლერი X-ზე აუდიტორიას ახსენებს პუტინის რუსეთის სამოქმედო სტრატეგიას.
„ვლადიმირ პუტინი ამაზრზენი დიქტატორია და მკვლელი, რომელიც ჩინეთთან და ირანთან ერთად იღვწოდა იმისთვის, რომ აერია და ძირი გამოეთხარა შეერთებული შტატებისთვის, ევროპისთვის, ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. ის არ არის ჩვენი მეგობარი და არც ჩვენი მოკავშირე. მე მხარს ვუჭერ ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაგრამ ნებისმიერი შეთანხმება და მოლაპარაკება მშვიდობის მისაღწევად უკრაინის ჩართულობით უნდა ხდებოდეს, მისი და მისი მეზობლების სუვერენიტეტს იცავდეს. რა თქმა უნდა, უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაგრამ ამ მოთხოვნას რომ პუტინი და რუსეთი აყენებს, თვითკმაყოფილებით სავსე კომიკურობაა.
რუსეთი აგრძელებს ჩარევას აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა არჩევნებში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავისი მარიონეტები და აპოლოგეტები დასვას ამ ქვეყნებში კონტროლის მოსახვეჭად. იმას, რაც მოხდება უკრაინაში, გრძელვადიანი შედეგები ექნება. უნდა მოვარღვიოთ ალიანსი, რომელმაც სიკვდილი და ნგრევა მოუტანა მსოფლიოს“, — წერს კონგრესმენი.
კიდევ ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი X-ზე ტრამპის განცხადებას ეხმაურება:
„პუტინმა დაიწყო ომი. პუტინმა ჩაიდინა ომის დანაშაულები. პუტინია დიქტატორი, რომელიც ხოცავს თავის ოპონენტებს. ევროკავშირის ქვეყნები მეტად დაეხმარნენ უკრაინას. ზელენსკის რეიტინგი 50%-ს სცდება. უკრაინას სურს, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს. პუტინს სძულს დასავლეთი. ჯორჯ ორუელის „ორაზრი“ არ არის მისაღები ჩემთვის“, — წერს დონ ბეიკონი და გულისხმობს ორუელის ცნობილ რომანს, „1984-ს“, სადაც „ორაზრი“ ოკეანიის მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ახალმეტყველების ნაწილია. გამოხატული მათ ლოზუნგებში, რაც უპირობოდ უნდა იწამოს მოქალაქემ, მაგალითად: „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“.
არაერთი რესპუბლიკელი სენატორი ჯერჯერობით არიდებს თავს კომენტარს მაშინაც, როდესაც პირდაპირ კითხვას უსვამენ ამერიკელი ჟურნალისტები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. მათ შორის იყო ლინდსი გრემიც, თუმცა მოგვიანებით ზედიზედ ორი პოსტი მიუძღვნა ამ თემას X-ზე.
სენატორი გრემი წერს, რომ თუ უკრაინის ომში ვინმე უნდა დადანაშაულდეს, ეს პუტინია პირველ რიგში. თუმცა პასუხისმგებლობას აკისრებს აშშ-ის დემოკრატ პრეზიდენტებს, ბაიდენსა და ობამას, რომელთაც სისუსტე გამოიჩინეს, პუტინს ვერ გაუმკლავდნენ და უკრაინა ვერ დაიცვეს რუსეთის შეჭრისგან.
„მივმართავ დემოკრატებს, ახლა რომ შეგიყვარდათ უკრაინა, რაც რუსეთი შეიჭრა: სად იყავით პუტინის შეჭრამდე? როგორც იქნა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ახლა უკრაინის იმედი, რომ დასრულდეს ეს ომი ღირსეულად და სამართლიანად. მჯერა, რომ ის სწორედ ტრამპისეულად მიაღწევს წარმატებას“, — წერს გრემი და მოგვიანებით ამატებს, — „ისტორია გვასწავლის, რომ აგრესორის დაშოშმინების მცდელობას მეტი აგრესია მოაქვს. ამას აკეთებდა ჩემბერლენი ჰიტლერთან, ბაიდენი და ობამა — პუტინთან. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის ომს სწრაფად დაასრულებს, თან ისე, რომ სამომავლო აგრესიასაც აირიდებს თავიდან. კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმება უკრაინასთან განუზომელი სარგებლობის მომტანი იქნება შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის. ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ ტრამპს მისი ძალისხმევის გამო, რომ ეს შეთანხმება უკრაინასთან შედგეს და მჯერა, ეს სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“.
ტრამპის კომენტარების შემდეგ მკაფიო განცხადებები გააკეთეს დასავლური სამყაროს სხვა ქვეყნების ლიდერებმა, მათ ნაწილს ამავე მასალაში გთავაზობთ.
უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოთქვამს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიის ლიდერები.
სერ კირ სტარმერი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მომავალ კვირაში შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის ემზადება, ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და მისი, როგორც უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. დაუნინგ-სტრიტის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ სტარმერმა ზელენსკისთან საუბარში თქვა ისიც, რომ სრულიად ბუნებრივია არჩევნების არჩატარება მიმდინარე ომის პირობებში და სწორედ ასე მოიქცა გაერთიანებული სამეფოც, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. ბრიტანული მედია წერს, რომ სტარმერს, გაერთიანებული სამეფოს სხვა პრემიერ-მინისტრების მსგავსად აქვს პრეტენზია, რომ დამაკავშირებელი რგოლის როლის შესრულება შეუძლია ევროპასა და აშშ-ს შორის.
უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმაც, ჯონ ჰილიმ:
„სამი წლის წინ ერთი ქვეყანა უკანონოდ შეიჭრა მეორეში. უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან. ისინი იბრძოდნენ და იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის. და მაშინ, როდესაც ყურადღება ლაპარაკზეა გადატანილი, მოლაპარაკებაზეც კი არა, ჩვენი, თავდაცვის მინისტრების ამოცანაა, რომ ომი დავივიწყოთ და მშვიდობას საფრთხე არ შევუქმნათ“, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.
კომენტარი გააკეთა ბორის ჯონსონმაც, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს სკანდალების აგება ტრამპის განცხადებებზე და დაეხმაროს მას ომის დასრულებაში.
„ტრამპის განცხადებებს ვერ ექნება პრეტენზია, რომ ისტორიულად ზუსტია. მათი დანიშნულება ევროპელების შოკში ჩაგდება და ქმედებებზე გადაყვანაა“, — აღნიშნა ჯონსონმა.
ბრიტანელმა კონსერვატორული პარტიის ლიდერმა კემი ბადენოქმა კი ხაზგასმით აღნიშნა, ზელენსკი დიქტატორი არ არის. ის არის „უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი, რომელიც მამაცურად ებრძვის პუტინის უკანონო შეჭრას მის ქვეყანაში“. თუმცა დაეთანხმა ტრამპს იმაში, რომ ევროპას მეტი პასუხისმგებლობა და სერიოზულობა მართებს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტრამპის კომენტარებს „მცდარი და სახიფათო“ უწოდა.
ტრამპის კომენტარებს მოწონება ხვდა რუსეთში. ლავროვი თვლის, რომ ტრამპს მათი ესმის. დიმიტრი მედვედევმა კი მას „200%-ით მართალი უწოდა“. იქვე ისიც აღიარა, სამი თვით ადრე რომ ვინმეს ეთქვა, მსგავს კომენტარებს მოვისმენდი ამერიკის პრეზიდენტისგან, სიცილით მოვკვდებოდიო.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, თითქოსდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის „გასათავისუფლებლად“. აშშ-ის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უკრაინის დაახლოებით ნახევარი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ომს და სულ მცირე, 124 000 უკრაინელი ჯარისკაცი.
ზელენსკისა და ტრამპს შორის რიტორიკა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მიუნხენში, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის, უკრაინის გარეშე, პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა საუდის არაბეთში.
ტრამპის კომენტარს, რომლითაც მან ფაქტობრივად დაადანაშაულა ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებაში, უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური მედიით უპასუხა, რომ დეზინფორმაციით გაჯერებულ ბუშტში ცხოვრობს, რაზეც გავლენას რუსეთი ახდენს.
ზელენსკის ამ პასუხს ტრამპის კიდევ ერთი კომენტარი მოჰყვა: „დაფიქრდით, მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა, ჩართულიყო ომში, რომელში გამარჯვება შეუძლებელია, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ესაა ომი, რომელსაც ის, შეერთებული შტატების და „ტრამპის“ გარეშე, ვერასდროს მოაგვარებს. დიქტატორს არჩევნების გარეშე, ზელენსკის, ურჩევნია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა საერთოდ აღარ დარჩება“.
ჯეიდი ვანსმა, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტმა კი გააფრთხილა ზელენსკი, რომ მას საქმე ბაიდენის ადმინისტრაციასთან აღარ აქვს. ჯეიდი ვანსს არც ელონ მასკი ჩამორჩენია, რომელმაც დაწერა, რომ სანამ „პრესის თავისუფლებას არ აღადგენს და არჩევნებს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ ექნება პრეტენზია, რომ ის უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს.
ტრამპის თქმით, ზელენსკის რეიტინგი კრიტიკულად დაეცა (თუმცა, ამ დრომდე უცნობი რჩება, ინფორმაციის რა წყაროს ეყრდნობა ტრამპი, როდესაც ზელენკის რეიტინგზე საუბრობს) და რაშიც ივარგა, ისაა, რომ ბაიდენს თავის ჭკუაზე ათამაშებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა BBC-სთან ისიც აღნიშნა, რომ კარტები რუსეთის ხელშია და მას სჯერა, რუსეთს ომის დასრულება სურს.
„არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.