ფრიდრიხ მერცს მსოფლიო ლიდერები არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

Published:

გერმანიის კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ფრიდრიხ მერცს მსოფლიო ლიდერები არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოიგო.

“აშშ-ის მსგავსად, გერმანიის მოსახლეობაც დაიღალა დღის წესრიგში საღი აზრის არ არსებობით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და მიგრაციის საკითხებზე. მნიშვნელოვანი დღეა გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯენტლმენი, სახელად დონალდ ტრამპი. გილოცავთ ყველას – კიდევ ბევრი გამარჯვება“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

მერცს გამარჯვება მიულოცა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

“მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გააძლიეროს თავდაცვის ხარჯები და თქვენი ლიდერობა მთავარი იქნება”, – წერს რუტე სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საფრანგეთის პრეზიდენტიც.

“ჩვენ მოწადინებულები ვართ, ერთად ვაკეთოთ დიდი საქმეები საფრანგეთისა და გერმანიისთვის და ვიმუშაოთ ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის. ამ გაურკვევლობის პერიოდში, ჩვენ გაერთიანებული ვართ, რათა გავუმკლავდეთ მსოფლიოსა და ჩვენი კონტინენტის დიდ გამოწვევებს”, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მილოცვას ავრცელებს ბრიტანეთის პრემიერიც.

“მოუთმენლად ველი ახალ მთავრობასთან მუშაობას, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ისედაც ძლიერი ურთიერთობა, გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება და მივაღწიოთ ზრდას ჩვენი ქვეყნებისთვის”, – წერს კირ სტარმერი X-ზე.

არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მერცს უკრაინის პრეზიდენტიც.

ზელენსკი წერს, რომ მოუთმენლად ელის გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას სიცოცხლის დასაცავად, უკრაინასთან რეალური მშვიდობის დასაახლოებლად და ევროპის გასაძლიერებლად.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიაში კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს. ფრიდრიხ მერცის “ქრისტიან დემოკრატიულ/ქრისტიან სოციალურ კავშირს 28% – ზე მეტი აქვს. ამავე დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ულტრამემარჯვენე ძალების პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის”. მათ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 20%-ზე მეტის მიღება შეძლეს.

ოლაფ შოლცმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” დამარცხება უკვე აღიარა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img