საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა, 100-დან 55 ქულით – წინა წელთან შედარებით, საქართველოს თავისუფლების ინდექსი 3 ქულით გაუარესდა.
Freedom House-მა საქართველოს პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 21 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი – 60-დან 34. ორგანიზაციის სრული ანგარიში საქართველოს შესახებ, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ საქართველოში რეგულარულად იმართება კონკურენტული არჩევნები და ქვეყანაში არსებობს აქტიური მედია და სამოქალაქო საზოგადოების სექტორი.
„თუმცა, ოლიგარქიული გავლენები აისახება ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე და ოპოზიციური ფიგურები არიან ფიზიკური თავდასხმების სამიზნე. კვლავ პრობლემად რჩება კორუფცია მთავრობაში, ხოლო მედიის თავისუფლება იზღუდება ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებითა და ზეწოლით”, – ნათქვამია ანგარიშის აღწერაში.
ამასთან, შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ პროტესტებზე ძალადობა ფართოდ იყო გავრცელებული და ეს დაფიქსირდა 11 ქვეყანაში, მათ შორის ნახსენებია საქართველო და მითითებულია, რომ აქ უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.