როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია – ასეთ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა და მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ“.
„დღეს ვიმყოფებით აჭარის ტერიტორიაზე. ქობულეთში დავესწარით საკოორდინაციო შტაბის სხდომას, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოგვახსენა [ინფორმაცია] არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესად არის. ამინდმაც ხელი შეუწყო. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის, 100%-ით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც გზების გაწმენდა მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გზები გაწმენდილია. ელექტროენერგიის მხრივ 80-90 პროცენტი აღდგენილია. ქობულეთის რაიონში დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც ელექტროენერგია არ არის. მთავარი საკითხი ისაა, რომ ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, შსს-სა და თავდაცვის მინისტრები. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს მაშველ-მეხანძრეებს, ასევე, თავდაცვის ძალების სამხედროებს, რომლებიც დღესაც, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ. აჭარაში მათი დახმარების საჭიროება არაა, მაგრამ გურიაში და იმერეთში იქნება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმითვე, „მთავარია, რომ კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდეს და არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“.
„ეს არის უსაფრთხოების საკითხი. როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია. ასეთ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა და გაგრძელდება მთელი ეს პერიოდი. მთელი კვირაა ვხედავდით როგორ მუშაობენ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია. მაქსიმუმს აკეთებენ, რისი შესაძლებლობაც არსებობს. სტიქიისგან დაზღვეული არავინაა.
მე, როგორც პრეზიდენტს არ უნდა მიწევდეს, მაგრამ ეს დეზინფორმაცია და მავნებლური საკითხები იმდენად აშკარაა, რომ პირდაპირ ავნებს [სიტუაციას]. მათი მოტივია, რომ როგორმე დააზიანონ, მოსახლეობას აგრძნობინონ, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. მინდა, რომ საზოგადოებას ამაზე არ ჰქონდეს რეაგირება. მთავარია, ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია და ყველაფერი რიგზე იქნება.
შეიძლება პრეტენზიები ნებისმიერ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, ერთმანეთს რომ მხარში უნდა დავუდგეთ, მგონი ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის. ჩემი წინამორბედი, რომელიც გამოდის და ახალი დაწყებული სტიქიიდან გამომდინარე იძახის, რომ ხელისუფლება არ გვყავს და პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და ხელისუფლებას, ეს მიუღებელია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს ამ ადამიანების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დამაჯერებლობა. ამასთან, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინ პასუხისმგებელნი არიან ამ ქვეყნის განვითარებაზე და არსებულ სიტუაციაზე. ამასთან, კონკრეტულ საკითხზე გვქონდეს რეაგირება და არა იმაზე, ამან რა თქვა და იმან რა თქვა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.