ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცთან შეხვედრაზე: დეტალურად განვიხილეთ ის ნაბიჯები და პირობები, რამაც შესაძლოა, ომი დაასრულოს და მშვიდობა საიმედო და ხანგრძლივი გახადოს

Published:

საუდის არაბეთში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამეფოს მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა.

თავის Telegram არხზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრინცისგან უკრაინის მომავლის მიმართ ნდობის სიტყვების მოსმენა. მისი თქმით, უკრაინა აფასებს იმ ფაქტს, რომ საუდის არაბეთი დიპლომატიის მნიშვნელოვან პლატფორმას უზრუნველყოფს:

„ძალიან დეტალურად განვიხილეთ ის ნაბიჯები და პირობები, რამაც შესაძლოა, ომი დაასრულოს და მშვიდობა საიმედო და ხანგრძლივი გახადოს. განსაკუთრებით აღინიშნა პატიმართა გათავისუფლებისა და ბავშვების დაბრუნების საკითხი, რომელიც შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ ნდობის დასამყარებლად. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებს დაეთმო“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში. 

ზელენსკიმ ასევე გამოაცხადა საუდის არაბეთის მზადყოფნა, განავითაროს ეკონომიკური თანამშრომლობა უკრაინასთან და განახორციელოს ინვესტიციები. მათ განიხილეს ინვესტიციებისთვის ძირითადი სექტორები, დაწყებული უსაფრთხოებით, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებით.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის გუნდი ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებისთვის ქალაქ ჯიდაში რჩება.

„ჩვენ პრაქტიკული შედეგის იმედი გვაქვს. უკრაინის პოზიცია შეხვედრაზე აბსოლუტურად კონსტრუქციული იქნება“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, დღეს, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, მაგრამ მთავარი როლი შეიძლება შეასრულოს სტივ ვიტკოფმა, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ვიტკოფი ამ კვირაში კრემლის ლიდერთან შესახვედრად მოსკოვს მეორედ ეწვევა.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს ანდრეი ერმაკი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და სამხედრო თანაშემწე პავლო პალისასთან ერთად.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img