ISFED-მა საჯარო რეესტრიდან 43 გათავისუფლებულის უფლებების დაცვის მიზნით სარჩელი წარადგინა

Published:

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი არ ემსახურებოდა რეალურ საჭიროებებს და სრულიად დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად წარიმართა.

ორგანიზაცია განცხადებით ეხმაურება ბოლო თვეებში საჯარო რეესტრიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას.

2024 წლის დეკემბრიდან საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, რომლებიც მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე მუშაობდნენ, დაეგზავნათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები. სააგენტოს განმარტებით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე შესრულებულია წარმატებით და უწყება დარჩენილი სამუშაოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე ათავისუფლებდა თანამშრომლებს.

ISFED წერს, რომ საჯარო რეესტრი მუდმივად განიცდის კადრების დეფიციტს, რაც დასტურდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაერთი ვაკანსიით. მათივე თქმით, გათავისუფლებულთა ნაწილი წლებია მუშაობს სააგენტოში, რაც ცხადყოფს, რომ თანამშრომელთა ნაწილთან დადებული ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უვადო შრომით ხელშეკრულებას მიეკუთვნება.

„გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია 2024 წლის 30 ნოემბერს შექმნილ პეტიციასთან, რომელსაც შეუერთდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 350-ზე მეტი თანამშრომელი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულებმა პეტიციით საჯაროდ დააფიქსირეს პოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებით და დაგმეს ძალადობა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სააგენტოს მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს იმის საპირისპირო გარემოებებს, რაც სააგენტომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს დეკემბრის ბოლოს გაგზავნილ შეტყობინებებში მისწერა. კერძოდ, 2024 წლის 9 ნოემბრის საჯარო რეესტრის განცხადებით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო გაგრძელდა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავდროულად, ნოემბრის თვეში თანამშრომლებს დაეგზავნათ შეტყობინებები, რომ არსებული ადამიანური რესურსი 2025 წელსაც შენარჩუნდებოდა

ამასთანავე, 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 45 პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსია, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორის პოზიციებზე. გათავისუფლებულთა ცნობით, მომზადდა კიდეც მათი ოთახები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საქალაქო სასამართლოებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 43 გათავისუფლებული პირის უფლებების დაცვის მიზნით  სარჩელი წარადგინა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გავრცელებულ განცხადებაში „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციას და საკანონმდებლო ცვლილებებს ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ გამოთქმულ პროტესტს უკავშირებს.

„საჯარო მოსამსახურეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესის დაანონსება. ამის პარალელურად, „ქართული ოცნების“ წევრებმა დაჩქარებული წესით, 2024 წლის 13 დეკემბერს შეიტანეს ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებებით გაუარესდა არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება და დაირღვა საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას“, – აცხადებს ისფედი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img