უწოდებდა “ბუნების შეცდომას”, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია, – ეს სიტყვები ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოში, დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას, მოწმის ჩვენებიდან წაიკითხა.
პროკურორი აჯამებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარმოდგენილი.
გრიგოლ ნიშნიანიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე ახდენს მტკიცებულებათა ნაწილის დემონსტრირებას, მათ შორის, აჩვენა მკვლელობის იარაღი – დანა და შემთხვევის ადგილი.
პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს – 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა.
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადებით, 28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4 ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის იყო.
როგორც ის აღნიშნავს, ჯაიანი მკვლელობას აღიარებს, თუმცა, განსაკუთრებულ სისასტიკით ჩადენას არ ეთანხმება.
“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ გავხადეთ, სადავოდ გავხადეთ მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი, გარკვეული კითხვები გვაქვს, რადგან ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას და გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს. ასევე არ აღიარებს სისტემატურ შეურაცხყოფას და ძალადობას. ჩვენ უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები, რადგან ეს მტკიცებულებები დარწმუნებულები ვართ, რომ ვერ ადასტურებს ამ ნაწილში წარმოდგენილ ბრალდებას, რასაც ჩვენ ვდავობთ. სასამართლოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებთ ყველაფერს, გვჯერა, რომ ამ ნაწილში ბექა ჯაიანი გამართლდება. იგი თავს დამნაშავედ ცნობს განზრახ მკვლელობაში და ნანობს”,- განაცხადა მდინარაძემ.