უკრაინელების 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ბრძოლა რუსეთთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ქვეყნის მხარდაჭერას – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.
კვლევა 12-22 მარტსაა ჩატარებული და მის თანახმად, უკრაინის ყველა რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა – აღმოსავლეთში 78%-დან დასავლეთში 83%-მდე – მიიჩნევს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინამ უნდა გააგრძელოს წინააღმდეგობა და არა კაპიტულაცია.
2025 წლის მარტის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ დახმარება აღდგა, სოციოლოგებმა მაინც იკითხეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს უკრაინა, თუ აშშ საბოლოოდ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას.
კვლევის თანახმად, უკრაინის ყველა რეგიონში, რომელსაც აკონტროლებს უკრაინის მთავრობა, სატელეფონო ინტერვიუს საშუალებით, გამოიკითხა 18 წლის და უფროსი ასაკის 1326 რესპონდენტი, რომლებიც კვლევის დროს უკრაინაში ცხოვრობდნენ.