ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ შემუშავებულ მემორანდუმში “გაუმართლებელს” უწოდებს მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
“ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები”, – წერს კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი ანგარიშში, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა და მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც გაზეთ “ბათუმელების” და ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” დამფუძნებელია, 12 იანვრიდან პატიმრობაშია. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
18 მარტის სხდომაზე მოსამართლემ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ევროსაბჭოს კომისარი ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას “გაუმართლებელს” უწოდებს. ამასთან, ის შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოხსნის გამო მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სოლიდარობა გამოხატა მზია ამაღლობელის მიმართ.
ო’ფლაჰერტი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ კანონსაც, რომელიც ადგილობრივ მედიას შეუზღუდავს უცხოური დაფინანსების მიღებას.
“კომისარი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები არამხოლოდ სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, არამედ სხვადასხვა სახის მზარდი რეპრესიების ქვეშ არიან”, – ვკითხულობთ მემორანდუმში.
მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.