„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და მოწმის სტატუსით გამოსაკითხად დაიბარეს.
საქმე ეხება ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას.
ხაზარაძე წერს, რომ ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვისთვისაა მზად.
„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, – დაწერა მამუკა ხაზარაძემ.
დღეს პროკურატურამ ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მიმართვის საფუძველზე მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება დაიწყო. გამოძიების საგანია ხაზარაძის მხრიდან კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მამუკა ხაზარაძე „ოცნების“ მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული. კომისია განიხილავდა ჯემალ ლეონიძის და მისი კომპანიის, შპს „მაგნატის“ საქმეს. სხდომაზე დაბარებული იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ორივემ უარი განაცხადა. კომისიამ პროკურატურას ბადრი ჯაფარიძის საქმეც გადასცა.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 26 მარტს არ გამოცხადდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. გადასცემენ თუ არა ოქრუაშვილის საკითხს პროკურატურას, ხვალ გახდება ცნობილი.