პრორუსულ ულტრამემარჯვენე მოძრაობა ალტ-ინფოს პარტია საჯარო რეესტრმა “კონსერვატორები საქართველოსთვის” სახელით დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავა იქნება.
ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით. მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლაში თუ არ ჩერდები, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგეს აიძულებ, უკან დაიხიოს. ამ ბრძოლაში არაფერი მარტივი არ იქნება, მოწინააღმდეგე არაფერს იოლად არ დაგვითმობს. ცხადია, კიდევ გველის წინ იმაზე არანაკლები წინაღობები, ვიდრე აქამდე გვქონია და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ამ ბრძოლაში ჩავებით, ასე მოგვიწევს ცხოვრება კიდევ დიდხანს… შემდეგი ბრძოლა უკვე არჩევნებზე გვექნება“, – დაწერა შოთა მარტინენკომ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა, პრორუსული მოძრაობის ალტ-ინფოს პარტია (იმდროინდელი დასახელებით) კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს რეგისტრაცია გასული წლის 8 აპრილს გააუქმა. მაშინ ოფიციალურ მიზეზად სარეგისტრაციო მონაცემების ხარვეზიანობა იყო.
ამის შემდეგ, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ პარტია აჩუქეს და ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ქართული იდეის” სახელით მიიღებდნენ. თუმცა, მალევე, საჯარო რეესტრმა “ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო.