უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ცნობით, კიევზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 9, ხოლო დაიჭრა 60-ზე მეტი ადამიანი, 42 ჰოსპიტალიზებულიდან ექვსი ბავშვია.
უკრაინის დედაქალაქში აფეთქების ხმა 24 აპრილს გამთენიისას გაისმა. ჩართული იყო საჰაერო განგაშის სიგნალი. სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ხანძარი დედაქალაქის ხუთ რაიონში გაჩნდა.
მოქალაქეები მომხდარს იხსენებენ.
„საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო და აფეთქების ხმა გავიგე. ჩვენი ხელმძღვანელი მოვიდა, ჰოსტელში ვცხოვრობთ და გვითხრა, რომ ნივთები ჩაგველაგებინა და გავქცეულიყავით. ჩალაგების დროს ისევ აფეთქების ხმა გავიგე, ელექტროენერგია გაითიშა, თაბაშირი ცვიოდა, კარის გაღება ვცადე. მორიგი აფეთქება მოხდა და მინის ნამსხვრევმა თავი დამიზიანა. სწრაფად გავიქეცით, ყველა შეშინებული ვიყავით“, – ამბობს სტუდენტი, ოკსანა ბილოზირი.
„გვეძინა, პირველი აფეთქების ხმა გავიგეთ, ძალიან ძლიერი იყო, გამოვფხიზლდით. ძალიან ძლიერი აფეთქება იყო, ჩვენს ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, სამზარეულოს ტექნიკა დაზიანდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ცოცხლები ვართ. დერეფანში გავიქეცით და შემდეგ თავშესაფარში შევედით, რადგან ბინაში უსაფრთხოდ აღარ ვიყავით“, – ამბობს კიევის მკვიდრი და ორი შვილის დედა, ანასტასია ჟურალოვა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური აცხადებს, რომ მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. მათი თქმით, ძებნა დედაქალაქში 13 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს და ადგილზე ალპინისტების სპეციალური ჯგუფი მუშაობს. მუშაობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ყველა გადაარჩინეს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთმა დედაქალაქზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა.