საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა — Caucasus Build ექსპო ჯორჯიაში გაიხსნა.
გამოფენის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობაა.
Caucasus Build ექსპო ჯორჯიას ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც უკვე 30 წელია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის იმართება. ღონისძიებას წელს 25-27 აპრილს, ექსპო ჯორჯიას მე-11, მე-6, მე-5 და მე-4 პავილიონები და გარე სივრცე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.
გამოფენაში მონაწილეობენ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების, სარემონტო და სამშენებლო მასალების, ელექტრო სისტემებისა თუ აუზების მწარმოებელი კომპანიები, ჯამში 120-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები, ვორკშოპები და პანელური დისკუსიები. მონაწილეები უახლეს პროდუქციასა და დარგის ინოვაციებს გაეცნობიან.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან ღონისძიების გვერდს Facebook-ზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.